ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ ჰომიელის რეგიონში, პრიბიტკის (ზიაბროვკა) სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქებების შესახებ ინფორმაცია უარყო. ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჰაერო ბაზაზე სატესტო გაშვებისას ტექნიკის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა.
სამშაბათს, ჰომიელის აეროპორტში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-76 თვითმფრინავი დაეშვა. აღინიშნა, რომ თვითმფრინავმა აეროპორტი საათნახევრის შემდეგ დატოვა.
ამასთან, მედია არ გამორიცხავს, რომ რაკეტების ტრანსპორტირება ხდება ზიაბროვკას აეროპორტში, სადაც კონცენტრირებულნი არია რუსეთის ფედერაციის ძალები.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ზიაბროვკას“ სამხედრო აეროდრომზე 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან სამხედრო ობიექტზე სულ მცირე 8 აფეთქება დაფიქსირდა.
ზიაბროვკა ჩრდილოეთ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში (18 მილი) მდებარეობს. რუსეთის ჯარები უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით შევიდნენ, მათ შორის სწორედ ბელორუსის ტერიტორიიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ივლისში განაცხადა, რომ ბელორუსის „ზიაბროვკას“ აეროდრომი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა.
უკვე აგვისტოში, უკრაიინა იუწყება, რომ ბელორუსმა უკრაინის საზღვართან დამატებითი, ელექტრონული ომის სისტემები განათავსა. ამასთან, ბელორუსმა რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნები დააანონსა.
ერთობლივი ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნების პირველი ეტაპი 11 აგვისტოსთვის დაიგეგმა. „ამ ქვეყნის [ბელორუსის] ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან მტრის სარაკეტო და საჰაერო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
ბელორუსი რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და უკრაინაში მის შეჭრაში მთავარი როლი ითამაშა. ივლისში ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინა თავისი ქვეყნის ომში ჩათრევაში დაადანაშაულა.