- რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო, შეუფერხებელი და მდგრადი ჰუმანიტარული წვდომა
- რუსეთმა მიზანმიმართულად გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რამაც გავლენა მოახდინა მილიარდობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში
- მოკავშირეები მუშაობენ მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად და გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად
მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ბელორუსმა კი უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ამ ომში.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ უმკაცრესად. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. რუსეთის შემზარავმა სისასტიკემ გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და ხალხის მასობრივი, იძულებით გადაადგილება, რამაც არაპროპორციულად იმოქმედა ქალებსა და ბავშვებზე. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო, შეუფერხებელი და მდგრადი ჰუმანიტარული წვდომა.
მოკავშირეები მუშაობენ საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ, მათ შორის კონფლიქტებთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე პასუხისმგებელნი.
რუსეთმა ასევე მიზანმიმართულად გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რამაც გავლენა მოახდინა მილიარდობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის მისი სამხედრო მოქმედებებით. მოკავშირეები მჭიდროდ მუშაობენ, რათა მხარი დაუჭირონ საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად და გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად.
ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ტყუილებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და უარვყოფთ მის უპასუხისმგებლო რიტორიკას. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ამ ომში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში.
NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.