გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.
ის მხარეებს მოუწოდებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან.
„მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ზაპორიჟიეს ან უკრაინის სხვა ბირთვული ობიექტის ნებისმიერ პოტენციურ დაზიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არამხოლოდ უშუალოდ სადგურების სიახლოვეს, არამედ, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა ანტონიო გუტერშმა.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.
ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას.
ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.
Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.