ცნობილია, როდის მიიღებს თურქეთი შავი ზღვიდან გაზის პირველ მოცულობას

გაზის პირველ მოცულობას, თურქეთი შავი ზღვის შელფზე მდებარე „საქარიას“ საბადოდან 2023 წლის მარტში მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა.

მისი თქმით, შავი ზღვის თურქულ სექტორში 2200 მეტრის სიღრმეზე მთელი „ენერგეტიკული ბაზა“ იქმნება.

„ზღვის ფსკერზე უკვე გაყვანილია 120 კმ მილები. დარჩენილია 50 კმ“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ახალი გაზსადენის პირველი მილი, შავ ზღვაში 13 ივნისს ჩაუშვეს, ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მონაწილეობდა.

„საქარიას“ საბადოზე გაზის მოპოვება, დღეში 10 მილიონი კუბური მეტრის დონეზეა პროგნოზირებული, რაც გულისხმობს წელიწადში 3,5-4 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას. შემდგომში გაზის მოპოვება გაიზრდება და 2027-28 წლებში პიკს მიაღწევს და დღეში 40 მლნ კუბურ მეტრს გაუტოლდება (წელიწადში 15 მილიარდი კუბური მეტრი).

თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.