შოლცის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი „უფრო მასშტაბური“ იქნება, ვიდრე მარშალის გეგმა

ოქტომბერში გერმანია უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას უმასპინძლებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მისივე თანახმად, კანცლერი შოლცი გეგმავს, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად უმასპინძლოს ღონისძიებას, რათა განსაზღვროს გზა უკრაინის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის აღსადგენად. 

თავის მხრივ, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი მარშალის გეგმას გადააჭარბებს. გერმანიის ლიდერმა განმარტა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი „უფრო მასშტაბური“ იქნება, ვიდრე მარშალის გეგმა, რომელიც დასავლეთ ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღდგენაში დაეხმარა.

„ზარალი დრამატულია, ის მილიარდები დაჯდება და მთელი გლობალური საზოგადოების გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეს იქნება დიდი ამოცანა, რომელსაც მცირე კავშირი აქვს მარშალის გეგმასთან“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, შოლცი დაჰპირდა შემდგომ ფინანსურ დახმარებას დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, რადგან გერმანია ცდილობს, გაუმკლავდეს ენერგორესურსების მზარდ ფასებს, რომელიც ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.