რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შენიშნეს - CNN

რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ორ დღეში ორჯერ შევიდა ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში, ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ განაცხადა.

CNN-ის ცნობით, მსგავსი ფაქტი მიმდინარე კვირაში სამჯერ დაფიქსირდა.

„ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ რეაგირების რამდენიმე ვარიანტი ჩრდილოეთ ამერიკისა და არქტიკის სუვერენიტეტის დასაცავად“, - აღნიშნულია ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობის განცხადებაში.

საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა (ADIZ) არის სივრცე ქვეყნის ტერიტორიისა და ეროვნული საჰაერო სივრცის მიღმა, სადაც უცხო ქვეყნის თვითმფრინავების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და კონტროლი ხდება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.