უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე ოლექსი ჰრომოვმა განაცხადა, რომ 13000-მდე ბელორუსმა სამხედრომ ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ.
„ბელორუსის შეიარაღებული ძალების ექვსი ბატალიონი განლაგებულია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ და ასრულებს ამოცანებს უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს ბელორუსის ჩართვას სრულმასშტაბიან ომში უკრაინის წინააღმდეგ. წინასწარი მონაცემებით, 13000-მდე აქტიურმა და ბელორუსის სპეცოპერაციების ძალების ყოფილმა სამხედროებმა, ისევე როგორც OMON-მა [სპეციალური დანიშნულების მობილურმა ქვედანაყოფმა] ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ“, - განაცხადა უკრაინის ოფიციალურმა პირმა.
ჰრომოვმა ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი შეიარაღებული ძალების გარდა, რუსეთი იწვევს უცხოელ წარმომადგენლებს ბელორუსის საწვრთნელ პოლიგონზე.
„3 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის, ვიეტნამის, უზბეკეთის, კამერუნის, ტაჯიკეთის, სირიის, ლაოსისა და მალის პირველი ჯგუფები ჩავიდნენ მაჩულიშის აეროდრომზე (მინსკის რეგიონი). 8 აგვისტოს რიაზანის უმაღლესი სადესანტო სამეთაურო სკოლის პერსონალის გუნდი ნახეს. ეს ყველაფერი აგრესორის ე.წ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სურათის შესაქმნელად ხდება“, - განაცხადა ჰრომოვმა.
ამასთან, მისი თქმით, საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლების მთავარი მოტივი მატერიალური და ფინანსურია, მათ ქმედებებში კი, იდეოლოგიური კომპონენტი არ არის. „არავის სჯერა დენაციფიკაციის, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის. შიში და ფული სამხედრო ყოფნისთვის მთავარი ფაქტორია", - აღნიშნა ჰრომოვმა.
ბელორუსი რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და უკრაინაში მის შეჭრაში მთავარი როლი ითამაშა. ივლისში ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინა თავისი ქვეყნის ომში ჩათრევაში დაადანაშაულა. რუსეთის ჯარები უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით შევიდნენ, მათ შორის სწორედ ბელორუსის ტერიტორიიდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ივლისში განაცხადა, რომ ბელორუსის „ზიაბროვკას“ აეროდრომი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა.
ბელორუსმა რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნები დააანონსა.