რუსეთმა მოლდოვიდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი აკრძალა

მოლდოვის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ მოლდოვადან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური მიზეზები აქვს.

„რუსეთმა პოლიტიკური მიზეზების გამო ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვები ადრეც დააწესა. მანამდე ეს რეგულარულად ხდებოდა ღვინოზე, ხილსა თუ ბოსტნეულზე. ამავდროულად, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლდოვის რესპუბლიკის ხილ-ბოსტნეული კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე. პროდუქცია ექსპორტირებულია ევროკავშირის ბაზარზე, რომელსაც დაცვის ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს“, - განაცხადა პოპესკუმ Moldova 1-ზე.

9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Rosselkhoznadzor)მოლდოვის 31 რეგიონიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში იმპორტზე შეზღუდვები გამოაცხადა.

Rosselkhoznadzor-ი აცხადებს, რომ აკრძალვის მიზეზი, რომელიც ძალაში 15 აგვისტოს შევა, მოლდოვური ბოსტნეულისა და ხილის პარტიებში აღმოჩენილი მწერები და მავნებლები გახდა.

აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებზე და არ ვრცელდება, მაგალითად, დაკონსერვებულ ბოსტნეულზე, ხილზე ან ღვინოზე. რუსეთის სამსახურმა განაცხადა, რომ აკრძალვას არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ აკრძალვის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკავშირმა გადასახადები და კვოტები მოლდოვადან შვიდი სახეობის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე დროებით გააუქმა. ევროკავშირის მიზანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგების ფონზე, მოლდოვის ეკონომიკას მხარი დაუჭიროს.