უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ვემზადებით

უკრაინა ემზადება ყველა შესაძლო სცენარისთვის ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, განიხილება მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობაც. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

„ჩვენ ყველას გვინახავს რუსული ჯარების მიერ ელექტროსადგურების დაბომბვა. ეს საშინელებაა. სადგურზე ბოლო თავდასხმების შემდეგ დავრწმუნდით, რომ მათთვის შემაკავებელი საშუალებები არ არსებობს", - აცხადებს უწყების ხელმძღვანელი.

დენის მონასტირსკის თქმით, „ამჟამად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური ადეკვატურად არ კონტროლდება და სადგური „არამხოლოდ მტრის, არამედ, გამოუცდელი სპეციალისტების ხელშია, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ტრაგედიის დაშვება“.


შეგახსენებთ, უკრაინა რუსეთს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელახლა დაბომბვაში ადანაშაულებს.

გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. 

მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან.

დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.

ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. 

Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.