მიხეილ სააკაშვილი იმყოფება არა რეანიმაციულ, არამედ თერაპიულ განყოფილებაში - არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალუსტებთან განაცხადა.
"მე არ ვარ ექიმი და თავს არ მივცემ უფლებას ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციაზე და ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ განყოფილებაში. აქედან გარკვეული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. ეს ადამიანი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ“,- განაცხადა ბრეგაძემ.
- მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე: ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს - სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ.
9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.
ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“.
შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.