სომხეთის თხოვნით საქართველო, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად, საზღვაო ტრანსპორტს განიხილავს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტება

რატომ იწყება საბორნე მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის, ამ საკითხზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, სომხეთის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად საზღვაო ტრანსპორტი განიხილოს. 

„საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვანწილად გართულებულია.
 
სომხეთ-რუსეთს შორის „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას. ხსენებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს.
 
სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის - „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ  ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით“, - ნათქვამია საზღვაო სააგენტოს განცხადებაში.
 
12 აგვისტოს, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა მედიასთან განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყოს.