ევროკავშირის ანგარიში: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის

ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის. ამის შესახებ საუბარია ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.

ამასთან, შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები. ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს.

ანგარიშის თანახმად, მთავრობის თავდაპირველ განზრახვას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2024 წელს წარედგინა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის და უსაფრთხოებისთვის მისი შედეგების კონტექსტში ბიძგი მიეცა.

„2021 წელს დიდი პოლიტიკური მოვლენები და საქართველოს პოლიტიკის პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავება აღინიშნებოდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკური შედეგები 2021 წლის პირველ თვეებში გრძელდებოდა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებების ოფისის (ოდირის)4 არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის დასკვნითი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. 
თუმცა, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.
ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დააყენეს და მანდატების აღებაზე უარი განაცხადეს. 2021 წლის 19 აპრილის პარტიების ჩართულობით მიღწეულმა პოლიტიკურმა შეთანხმებამ, რომელიც ევროკავშირის ხელშეწყობით ფასილიტაციისა და მედიაციის ძალისხმევის კულმინაციას წარმოადგენდა, ოპოზიციის ბოიკოტი დაასრულა და ძირითადი რეფორმების წინ წაწევის საერთო გზა გამოკვეთა.
შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ძალაუფლების განაწილებას და 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების  შესაძლებლობას, თუ მმართველი პარტია 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 43%-ს არ მიიღებდა. შეთანხმებას თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და პარლამენტის წევრმა ხელი მოაწერა. თუმცა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან 2021 წლის ივლისში გავიდა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ნაციონალური მოძრაობა) შეთანხმებას მხოლოდ „ქართული ოცნების“ გასვლის შემდეგ შეუერთდა.
შეთანხმების ძირითადი ნაწილები - განსაკუთრებით სასამართლო რეფორმა და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში - ამ ანგარიშის დაწერის დროს კვლავ შეუსრულებელი რჩება“.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია.

კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

გაეცანით Europetime-ის სტატიას