აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, ომს 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. 300 000-მდე ადამიანი დევნილად იქცა.

„ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის - ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას.

მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში რუსული არმია ჩაერთო.

დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წელს, საქართველოში შეჭრის შემდეგ აღიარა.