რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის უსაფრთხოების ვითარების კუთხით. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით.
ამის შესახებ ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.
„რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის უსაფრთხოების ვითარების კუთხით, რაც გამწვავდა თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსეთის ჯარების ყოფნით. ამან ასევე იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან უკრაინა და რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით.
მთავრობამ რუსეთსა და ბელორუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები ევროკავშირის ზოგიერთი სანქციის პრაქტიკაში განსახორციელებლად და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
2021 წლის 6-7 ივლისს საქართველოს ეწვია ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, რათა წარედგინა რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა და მისი საფლაგმანო ინიციატივები საქართველოსთვის. 26 ივნისს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ვიცე-პრეზიდენტის დავალებით სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ავსტრიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ.
მათ საქართველოს ევროპის სოლიდარობა და ჩართულობა, რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისადმი მისი ერთგულება აღუქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს შიდა რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა“, - აღნიშნულია ანგარიშში.