ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა, ლიეტუვის მაგალითს მიბაძონ და რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესონ
ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა, ლიეტუვის მაგალითს მიბაძონ და რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესონ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, ლიეტუვამ შეაჩერა ვიზების გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასასვენებლად მიდიან და ვიზებს მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის გასცემს. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირს ასევე მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს.
„ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ უკრაინელები არიან უნარიანი, ქმედითი და სანდო პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება ევროპის საზღვრების დაცვას. რაც მეტი იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ომი“, - აღნიშნავს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
ლანდსბერგისის თქმით, „ხალხი იძულებული გახდა, გაქცეულიყო უკრაინიდან, ზოგიერთი მათგანი იქ რჩება და სიცოცხლისთვის, საკუთარი სახლებისთვის იბრძვის, მაშინ, როცა ადამიანებს რუსეთიდან ჯერ კიდევ თავისუფლად შეუძლიათ, იმოგზაურონ და ისარგებლონ თავისუფალი მსოფლიოს ყველა კეთილმოწყობილობით, რომელსაც მათი ხელისუფლება ებრძვის“.