ერთ თვეში, ამერიკული ნავთობით დატვირთული უკვე მეორე ტანკერი, ლუიზიანიდან გერმანიის პორტ როსტოკისკენ გაემართა. ამის შესახებ Reuters წერს.
Ise Princess-ის ტანკერი 570 000 ბარელი ნავთობითაა დატვირთული.
ამერიკულმა ნავთობმა, ნორვეგიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთ აფრიკიდან ექსპორტირებულ ნედლეულთან ერთად ვროპაში „დრუჟბის“ მილსადენით მიწოდებული რუსული ნავთობი უნდა ჩაანაცვლოს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის 90 პროცენტით შემცირებას აპირებს.
მექსიკის ყურეში მოპოვებული Mars-ის მარკის ნავთობი შემადგენლობით რუსული Urals-ის მსგავსია. აგვისტოს დასაწყისში გერმანიის როსტოკის პორტში შეტანილი ამერიკული ნავთობი Schwedt-ის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში უკვე შევიდა.
საწარმოს უდიდესი წილის მფლობელი რუსული Роснефть-ია. Роснефть-მა გასულ კვირას გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ გერმანიაში საწვავის ფასები, საზღვაო გზით შემოტანილი ნავთობის მაღალი ფასის გამო, გაიზრდებოდა.
ივნისის დასაწყისიდან, აშშ-ში მოპოვებული ნავთობის ფასი ბარელზე, $122-დან $87-მდე დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოპოვებამ 12 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც 2021 წლის დონესთან შედარებით 20%-ით მეტია.
მიმდინარე წლის ივნისში აშშ-მა დღეში დაახლოებით 3,5 მილიონი ბარელის მოცულობით, ნავთობის რეკორდული რაოდენობა გაიტანა ექსპორტზე. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ფედერალური ადმინისტრაცია ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის ზრდას პროგნოზირებს.