თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი ლვოვში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს. ამის შესახებ ტელეკომპანია A Haber დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
თავის მხრივ, CNN Turk-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინი და ზელენსკი შესაძლოა, უკრაინის საგზაო რუკის შესაქმნელად შეხვდნენ.
„რუსულმა მხარემ თქვა, რომ ლიდერებს შეუძლიათ, განიხილონ და განსაზღვრონ საგზაო რუკა. ამის შემდეგ დელეგაციებს შეუძლიათ, დაიწყონ მუშაობა ამ საგზაო რუკის რეალიზებისთვის“, - წერს გამოცემა.
ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში თურქეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ერთდღიანი ვიზიტი უკრაინაში, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას.
ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და ასევე განიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს.
ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით. საუბარი იქნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის გააქტიურებაზეც.
გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.