ლვოვში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელი ჰაკან ფიდანი და პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი.
თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა პოტოცკის სასახლეში პრესისთვის დახურული იყო და 40 წუთს გაგრძელდა.
CNN-ის ცნობით, მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განიხილა გაეროს ძალისხმევა, შექმნას ფაქტების დამდგენი მისია თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც, ივლისის ბოლოს, ოლენივკაში 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა.
მისივე თქმით, ასეთი მისიის იდეა უკრაინასა და რუსეთსაც გაუზიარეს. გუტერეშის თქმით, მისიის ხელმძღვანელად დანიშნა ბრაზილიელი გენერალი კარლოს დოს სანტოს კრუზი, რომელსაც სამშვიდობო ოპერაციებში დიდი გამოცდილება აქვს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმის შემდეგ მაშინვე განაცხადა, რომ გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) ადგილის დასათვალიერებლად იწვევდა, მაგრამ ICRC-მ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა.
მხარეები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, მაგრამ CNN-ის ცნობით, მის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მომხდარის რუსული ვერსია ნაკლებად სარწმუნოა.
გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო „ახლა გააგრძელებს მუშაობას საჭირო გარანტიების მისაღებად, რათა ადგილზე უსაფრთხო წვდომა უზრუნველყოს“.
„გუნდს უნდა შეეძლოს საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს უსაფრთხო და შეუზღუდავ წვდომას ადგილებსა და მტკიცებულებებზე, ნებისმიერი მხარის ჩარევის გარეშე", - დაამატა გუტერეშმა.
მხარეებმა დღეს მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული არასტაბილური ვითარება განიხილეს და თითქმის ექვსთვიანი ომის დასასრულებლად საჭირო ძალისხმევაზე იმსჯელეს.
სამმხრივ სამიტს წინ უძღოდა უკრაინისა და თურქეთის პირველი პირების ორმხრივი შეხვედრა. ზელენსკი ასევე შეხვდა გაეროს გენმდივანს.