თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტს თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილებს შორის მაშველები და ჟურნალისტებიც არიან.

"საზარელი ავტო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 16 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს", - წერს ჯანჯღავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ავტომობილს, სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.
 
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები.