ომბუდსმენი მთავრობას მოუწოდებს ანტისემიტური განწყობების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჯარო და მკაფიო განცხადებებით, დაუყოვნებლივ დაგმონ ნებისმიერი სახის ანტისემიტური დამოკიდებულება და გამოხატონ მხარდაჭერა ებრაელი ერის მიმართ.
აღნიშნული განცხადებით, სახალხო დამცველი ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის და ამავე ეპარქიის მღვდელმსახურის დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგების გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურ.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები შესაძლოა, ქვეყანაში ანტისემიტიზმის გაძლიერების საფრთხეს ქმნიდეს.
„ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულს თავდაპირველად მხოლოდ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია გამოეხმაურა, რომელმაც ქადაგების მწვავედ შეფასების ნაცვლად, მიტროპოლიტ გამრეკელის მიმართ გავრცელებულ კრიტიკას ცილისწამება უწოდა. მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაშისახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში ანტისემიტური მოსაზრებების გავრცელება საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ებრაელი ხალხის თანასწორუფლებიანობას და ამასთან, წარმოაჩენს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული - ჰოლოკოსტი და მისი გამომწვევი წინაპირობები სათანადოდ არ არის გააზრებული. ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება საფრთხის შემცველია როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის.
აუცილებელია, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ანტისემიტური რიტორიკა არ დარჩეს მხოლოდ ცალკეული პიროვნებების განხილვის საგნად და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოველი საჭიროების შემთხვევაში, ანტისემიტური განწყობების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჯარო და მკაფიო განცხადებებით, დაუყოვნებლივ დაგმონ ნებისმიერი სახის ანტისემიტური დამოკიდებულება და გამოხატონ მხარდაჭერა ებრაელი ერის მიმართ, რაც, მათ შორის, ანტისემიტიზმის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღეა, რომელსაც, საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურად აღნიშნავს 2013 წლიდან“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება დაგმო საქართველოს საპატრიარქომაც.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის იოანე (გამრეკელი) განცხადება გმოაქვეყნა.
„ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით. ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი. დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო”, -აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზი ილია ქადაგების გამო საჯაროდ ბოდიშს იხდის.
„აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია მართებულად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა. ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას”, - აცხადებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი.
ისრაელის ელჩი: დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ანტისემიტიზმის აღმოცენებას