ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ორი ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
„ომის დაწყებიდან უკრაინაში ლიეტუვიდან სამხედრო დახმარების მიზნით 28 პაკეტის ფარგლებში ტვირთები გაიგზავნა. სამხედრო დახმარების 29-ე და 30-ე პაკეტები უკვე მზადდება!"- დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
მან პირობა დადო, რომ თუ რა დახმარებას მოიცავს ორი პაკეტი, უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
როგორც ცნობილია, აგვისტოში ლიეტუვამ უკრაინელი სამხედროებისთვის ხუთი სასწავლო კურსის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
გარდა ამისა, ივლისში ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვაში 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და სამართალდამცავი ოფიცერი მკურნალობდა.