რუსეთი და ყაზახეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

რუსეთი და ყაზახეთი, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების ფარგლებში, ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ.   ამის შესახებ, სოჭში, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. 

ვლადიმერ პუტინმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, სოჭის შეხვედრის ღია ნაწილში, განცხადებები გააკეთეს. 

„რუსეთსა და ყაზახეთს შორის სასაქონლო ბრუნვა გასულ წელს 34,4 პროცენტით გაიზარდა. 2022 წელს, პირველი ხუთი თვის განმავლობაში, ტვირთბრუნვა თითქმის 9, - 8,8 პროცენტით გაიზარდა. ინვესტიციები ორივე მხრიდან იზრდება: რუსულმა ინვესტიციების მოცულობამ ჩემი აზრით, ყაზახეთში $17 მილიარდს მიაღწია. ყაზახური ინვესტიციები რუსეთში - დაახლოებით $4,5 მილიარდს შეადგენს.

რუსეთი ყაზახეთის სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. ჩვენ ასევე ვავითარებთ დიდ კარგ პროექტებს, ვმუშაობთ მაღალტექნოლოგიურ სფეროებში, მათ შორის კოსმოსში. ზოგადად, მუშაობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, პოზიტიურად“, - განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ 2022 წელი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია: 

ეს წელი განსაკუთრებულია. ჩვენ ოქტომბერში აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. ამ თარიღისთვის არაერთი სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. აქტიურად მუშაობენ ჩვენი სამინისტროები და დეპარტამენტები. სამთავრობათაშორისო კომისია აქტიურად მუშაობს, საგარეო საქმეთა სამინისტროები, თავდაცვის სამინისტროები ერთობლივად ამზადებენ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის ერთობლივ წვრთნებს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების ფარგლებში“.

თავის მხრივ ყასიმ ჟომართ თოყაევმა, ვლადიმერ პუტინს თბილი დახვედრისთვის მადლობა უთხრა. 

„გასულ წელს ვაჭრობის მოცულობამ 24,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, რუსეთი ჩვენს სავაჭრო ბრუნვაში პირველ ადგილზეა. წელს კი ვაჭრობა საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ძირითად პლატფორმებზე.

წელს დსთ-ს თავმჯდომარეობს ყაზახეთი, ოქტომბერში გაიმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენს პირად მონაწილეობაზე, მით უმეტეს, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ეს ნამდვილად არის ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საერთაშორისო ფორმატში“.

„ყაზახეთსა და რუსეთს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვთ. ეს საზღვარი სრულად არის განსაზღვრული“, - დასძინა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა, სოჭში 19 აგვისტოს გაიმართა.