საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაო გაძლიერებული ძალებით ხორციელდება. ცეცხლის ქრობის ამოცანები განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი.
ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.