აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაცია „თეთრი სახლის“ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
სხვა საკითხებთან ერთად, ოთხი ქვეყნის ლიდერი, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო ოპერაციების თავიდან აცილების აუცილებლობაზე და IAEA-ს ადრეული ვიზიტის მნიშვნელობაზე (უსაფრთხოების სისტემების მდგომარეობის დასადგენად) შეთანხმდა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია.
დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.
ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.