ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალების სპეცტექნიკა ჩაერთო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებელი ავტოტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა MTLB (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.

„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოს აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცეცხლი, ბორჯომის მინიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.