ბათუმის აგრარულ ბაზარში 2,5 ტონა ხორცი დაილუქა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამართალდამცავების ჩართულობით, გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაილუქა და განადგურდა 2,5 ტონა საეჭვოდ მიჩნეული ხორცი, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად ააქტიურებს ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლს როგორც სასაკლაოებზე, ასევე ხორცის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში“, - აცხადებს სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე

სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებულმა ინსპექტირების ჯგუფებმა ბათუმის აგრარული ბაზარი შეამოწმეს.

სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც შემოწმდა ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში შემოწმდა 800-მდე ობიექტი, მათ შორის, სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები. დაილუქა 10 000კგ-მდე ხორცი.