დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია. 

უწყების განმარტებით, დადგინდა, რომ დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. დამნაშავეა 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, რომელიც 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა. მან ინფორმაციის შეგროვების მიზნითი ბინა იმ სახლში იქირავა, სადაც დუგინა ცხოვრობდა. ჟურნალისტზე დასაკვირვებლად დამნაშავემ „მინი კუპერი“ გამოიყენა.

რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ხოლო 21 აგვისტოს, დუგინას მიერ მართული Toyota Land Cruiser Prado მანქანის აფეთქების შემდეგ, ვოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვის რეგიონის გავლით ესტონეთში გადავიდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო.

ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.