დუგინმა შვილის მკვლელობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსი და კრემლის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, შვილის, დარია დუგინას მკვლელობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 

დუგინმა თქვა, რომ მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად ფესტივალ „ტრადიციიდან“ დაბრუნებისას მოკლეს. „ის იყო შესანიშნავი მართლმადიდებელი გოგონა, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი და ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის ღრმა, დასაბუთებული და თავშეკავებული იყო. მას არასოდეს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ, ”- განაცახდა დუგინმა. 

დუგინმა განაცხადა, რუსი ხალხის გატეხვა შეუძლებელია ასეთი „აუტანელი დარტყმებით“, უკრაინა კი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს და ხალხის ნებას „სისხლიანი ტერორით“ ვერ ჩაახშობს.

„ჩვენი გულები შურისძიებისაკენ ან შურისძიებაზე მეტისკენ ისწრაფვის. თუმცა ეს ძალიან მცირეა და არარუსულია. ჩვენ მხოლოდ  გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო“, - თქვა დუგინმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო.

ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.