ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა, ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ

„ყველა რუსისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ“, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირმა არ უნდა გაუღოს კარი რუს ოლიგარქებს, თუმცა არსებობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, რადგან იმ ვითარებაში ცხოვრება აღარ შეუძლიათ.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.