ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ ორშაბათს განაცხადა, რომ  რუსეთთან წყლისა და სახმელეთო საზღვარის დაცვა გააძლიერეს. კერძოდ, კალინინგრადის რეგიონთან საზღვარზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

„შეიარაღებული კალინინგრადი ახლოსაა, მეზობლებისგანაც არის საფრთხეები. ამიტომ ჩვენი მზადყოფნის დონე მაღალია და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი მესაზღვრეების უზრუნველყოფის საკითხს. ახლახან განახლებული სარადარო სისტემა და ფლოტი ინციდენტებზე კიდევ უფრო სწრაფად მოახდენს რეაგირებას", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ლიეტუვისთვის მნიშვნელოვანია კლაიპედას პორტის დაცვა, რადგან „აქ არის თხევადი ბუნებრივი აირის მიღების ტერმინალი და „სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები“, - განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა.