აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალვას არ ემხრობა

აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალავას არ ემხრობა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. იუწყება CNN. 

„აშშ-ს არ სურს, ჩაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები რუსი დისიდენტებისთვის ან სხვებისთვის, ვინც დაუცველია ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია, ზღვარის გავლება რუსეთის მთავრობის ქმედებებს, უკრაინაში მის პოლიტიკასა და რუსეთის ხალხს შორის“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

სპიკერმა დასძინა, რომ აშშ „მუშაობს ალიანსის წევრებთან და პარტნიორებთან, რათა დაწესდეს სასჯელი, განსაკუთრებით სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისთვის და მათი გარემოცვისთვის“.  

„2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები თითქმის 5000 პირს დაუწესა. ჩვენ განვაგრძობთ, უკრაინაში შეჭრაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დავაკისრებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვეძებთ ყველა ინსტრუმენტს კრემლის პასუხისმგებლობისთვის", - ხაზგასმით აღნიშნა სპიკერმა.

ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.