ნიდერლანდები უკრაინას 65 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დახმარებას გაუწევს რუსული აგრესიით დაზარალებული რეგიონების რეკონსტრუქციის დასაწყებად. ამის შესახებ ჰოლანდიის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა ლისიე შრეინმახერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, კიევში განაცხადა.
მისივე თქმით, ნიდერლანდები 65 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში დახმარებისა და ინვესტიციებისთვის.
მინისტრის თქმით, პაკეტი მოიცავს ჰოლანდიური კომპანიების თანადაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღსადგენად, როგორიცაა ხიდები, კაშხლები და საავადმყოფოები, ომის შედეგად განადგურებულ რეგიონებში. თანხები ასევე მოხმარდება უკრაინული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.
ჰოლანდია ერთ მილიონ ევროს გამოყოფს ხერსონის, ოდესისა და მიკოლაივის პრიორიტეტული პროექტების განვითარებისთვის.
გარდა ამისა, ჰოლანდიის მთავრობა 10 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს იმ ტერიტორიების განაღმვის და ასაფეთქებელი ნივთიერების განადგურებისთვის.
ნიდერლანდები ასევე გადასცემს 2,5 მილიონ ევროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მაკროეკონომიკური რეფორმების, საჯარო ადმინისტრაციისა და უკრაინაში კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და 2 მილიონ ევროს გაეროს მოსახლეობის ფონდს ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის. ლისიე შრეინმახერი და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლლონგრენი ერთობლივი ვიზიტით კიევში იმყოფებიან.