სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის საქმეზე მიმდინარე შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა.
ნინო ლომჯარიაას თქმით, სოსო გოგაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან დაადასტურა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები, რის შემდეგაც ომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება მოითხოვა.
„იოსებ გოგაშვილმა და მისმა ადვოკატებმა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით 2022 წლის 11 აგვისტოს გააკეთეს განცხადება (https://bit.ly/3PMfioM ). მათი ცნობით, გოგაშვილს სააბაზანო ოთახში, შინაგან საქმეთა მინისტრთან მობილური ტელეფონით საუბრების დროს დაემუქრნენ.
აღნიშნული ინფორმაცია ბრალდებულმა დაადასტურა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პირადი გასაუბრების დროსაც და მიუთითა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები 2022 წლის 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით. სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და იმავე დღეს მოითხოვა N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება (https://bit.ly/3PKRT7p).
სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს წერილით სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც, სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხის სანდოობა გარკვეულ კითხვებს აჩენს და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის ფიზიკური უსაფრთხოების დაცულობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მოცულობის ამსახველი ვიდეო კამერების ჩანაწერების დაარქივება (კონკრეტულ თარიღებში იოსებ გოგაშვილის გადაადგილების მარშრუტი, საკანი, საერთო სივრცე, კორიდორი) მოითხოვა. მიღებული პასუხის თანახმად კი, როგორც ჩანს, N12 დაწესებულების ვიდეო მეთვალყურეობის ჩამწერი სისტემის დიდი ნაწილი ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს პენიტენციური დაწესებულების მართვის ეფექტიანობას და პატიმართა უსაფრთხოებას.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს ხსენებულ პერიოდში N12 დაწესებულებაში არსებული ვიდეოკამერების გაუმართავად მუშაობის მიზეზები, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს კამერების ხელოვნურად დაზიანების ან რელევანტური ჩანაწერების წაშლის ეჭვი.
აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ იოსებ გოგაშვილის ბრალდების საქმის მასალების სრულფასოვნად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველმა საგამონაკლისო დაშვების თხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს. სამწუხაროდ, გენერალური პროკურატურის 2022 წლის 23 აგვისტოს №13/53158 წერილით სახალხო დამცველის აპარატს უარი ეთქვა მასალების გაცნობაზე. ამრიგად, სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მოახდენს“, - წერია ომდუსმენის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.