ბორჯომის ხეობაში ხანძრის არეალი გაფართოვდა. ბორჯომის შემდეგ, ცეცხლი ახალციხის სოფლებამდეც აღწევს. ხანძრის ლოკალიზებას, ტყის მიუვალი ადგილები და ცუდი რელიეფი ართულებს.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს და ხანძრის სხვადასხვა სირთულის კერები ჯერ კიდევ ფიქსირდება.
შსს-ს ცნობით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.
„ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს“, - აცხადებენ შსს-ში.
22 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები და სპეცტექნიკა ჩაერთო.
ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.