ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მთავარი მოკავშირეა, უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი, 24 აგვისტოს ლუკაშენკოს გვერდზე გამოქვეყნდა.
„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს ორი ქვეყნის ხალხებს შორის გულწრფელი კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს. ბელორუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემის მქონე კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
„მილოცვაში“ ლუკაშენკო უკრაინას „ ღირსეული ცხოვრების აღსადგენად, მშვიდობიან ცას, შემწყნარებლობას, გამბედაობას, ძალასა და წარმატებებს“ უსურვებს.
უკრაინული მხარის ცნობით, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დღიდან, ბელორუსიდან, უკრაინის მიმართულებით სულ მცირე 631 რაკეტა გაუშვეს. მონაცემები ბოლოს მაისში განახლდა.