რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ SCO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრაზე აღიარა, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეტევის ტემპი შენელდა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება, რაც „სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილების“ სურვილით აიხსნება.
შოიგუს თქმით, „სპეციალური ოპერაციის“ ფარგლებში, რუსი სამხედროები „მკაცრად იცავენ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“ და დარტყმები მტრის სამხედრო ობიექტებზე, მაღალი სიზუსტის იარაღით ხორციელდება.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ იყოს მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ“, - განაცხადა შოიგუმ.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მისი ყველა ამოცანა შესრულდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებები ნაკარნახევი იყო დონბასისა და რუსეთის მოსახლეობის დასაცავად, კიევიდან არსებული „რეალური საფრთხის" გამო.
სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსი სამხედროების წინსვლის შენელება ერთზელ უკვე ახსნა. მაისში მინისტრმა თქვა, რომ ჯარების წინსვლის ტემპი „განზრახ ნელდება", რათა მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დერეფნებით ევაკუაცია განხორციელდეს და მსხვერპლი თავიდან აიცილონ.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დროს 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.