ბორჯომის ხეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და ცეცხლის მასშტაბმა იკლო.
„ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა.
მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. გახსოვთ თქვენ, წინა წლებში მომხდარი ბორჯომის ხანძარი, ერთიანად, მთლიანად იწვებოდა ყველაფერი. აქ ასე არ არის, პატარ-პატარა კერებია. ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია.
ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილი. მაქსიმალურად გადასროლილია სახანძრო მანქანები ქვედა მხარეს და საშიშროება, რომ ცეცხლი გადავა დასახლებულ პუნქტებზე, არ არსებობს, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი არ ამოვარდა.
როდის ჩაქრება ხანძარი - ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ეს არის დიდ წილად ამინდზე დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვერტმფრენებიც რომ გვყავდეს მეტი, თუ ქარი იქნება, ვერ იმუშავებენ. ასევე, მსურს აღვნიშნო, როგორც მომახსენეს, სტრატეგიულ მილსადენებზე საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.