„ამ დროისთვის ქვეყანაში პურის ფასი არ გაზრდილა, თუმცა, თუ სიტუაცია არ შეიცვალა შესაძლოა, ორ თვეში ან თვენახევარში პური გაძვირდეს“. ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, პურის ფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ძირითადად ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა და პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები გაზრდილი დანახარჯების პირობებში მოგების შემცირების ხარჯზე ახერხებენ.
„ლარის გაუფასურების გამო პროდუქტებზე ფასები შეიცვალა. 1 ტომარა ფქვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე 2 ლარით გაძვირდა. ამასთან, პანდემიის გამო საწარმოებში ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პური იყიდება შეფუთული ფორმით და შესაფუთი მასალის ღირებულება ერთ პურზე 10 თეთრია, ეს ყველაფერი საწარმოებზეც მოქმედებს. ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. პურპროდუქტების სფეროში უკვე ძალიან ბევრი კომპანია გაჩერდა, მაგრამ ბევრიც მუშაობს.
პურზე წამდაუწუმ ფასების შეცვლა არასერიოზულია. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ წარმოებებში ეს საკითხიც განიხილება, ალბათ 5 ან 10 თეთრით შეიძლება შეცვალონ ფასი. თუმცა, კონკრეტულად ვერ გეტყვით როდიდან, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, დაძაბული სიტუაცია, მეზობელ ქვეყნებში ომი დაიწყო. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პურის მწარმოებლები ფასის შეუცვლელად შემცირებული მოგებით და გაძვირებული ფასების პირობებში საქმიანობის გაგრძელებას, დაახლოებით, 2 თვე ან თვენახევარი შევძლებთ,“- განაცხადა დოლიძემ.