Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან

ექსკლუზივი

Europetime -მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

დღეს, 25 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ფილიპ რიკერი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში მთავარ მრჩევლად დანიშნა.

ამდენად, საინტერსო იქნება, გავიხსენოთ ჩვენს გამოცემასთან მისი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომლის დროსაც, ფილიპ რიკერი შეეხო საინტერესო, საკვანძო და აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტს.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

„ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - აცხადებდა ფილიპ რიკერმა Europetime-თან

რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europetime დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება.

ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა.

მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.


ფილიპ რიკერის დანიშვნის შესახებ განცხადება გაავრცელა ენტონი ბლინკენმაც.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და წამყვანი მომლაპარაკებელი აშშ-ის დელეგაციაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. მდივან ბლინკენის თქმით, ამ კრიტიკულ პერიოდში ფილიპ რიკერი უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და იმუშავებს აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ.

ენტონი ბლინკენის შეფასებით, ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს.

„ელჩ ფილიპ რიკერს კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებზე უფროს მრჩევლად ვნიშნავ. ამ თანამდებობაზე, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში.

შეერთებული შტატები მზად არის, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების შესახებ მოლაპარაკებაში.

ელჩი რიკერი ჩაერთვება ორმხრივად, თანამოაზრე პარტნიორებთან, ევროკავშირი და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის მეშვეობით, რათ ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ დიალოგს. ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებს ანიჭებს, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ელჩ რიკერს ევროპასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.


რიკერი ბოლო დროს მსახურობდა გაერთიანებულ სამეფოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, როგორც სენტ ჯეიმსის სასამართლოს საქმეთა დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. 2019 წლის მარტიდან 2021 წლის აგვისტომდე ელჩი რიკერი იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

ელჩი რიკერი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი გერმანიაში. მსახურობდა შეერთებული შტატების გენერალურ კონსულად მილანში. იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. 2008-2011 წლებში იყო აშშ-ის ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში.