ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის, 11 ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტი E-60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის, 11 ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტი მსოფლიო ბანკის 265 მილიონამდე ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მოცემულ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს რვა ხიდსა და ხუთ გვირაბზე, საიდანაც ოთხი ხიდი უკვე აშენებულია.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი ექსპლუატაციაში უკვე შესული ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ხაშურის შემოვლითმა გზამ, მნიშვნელოვნად განტვირთა ქალაქი ხაშური საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად გადმოერთო ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო განახევრდა. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი, სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით რიკოთის მთავარ გვირაბთან გადის. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის
საუღელტეხილო გზას დაუერთდება.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, საერთო ჯამში მოიცავს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზას, 23 ხიდს, ხუთ გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელებს, წყალგამტარ მილებს და სადრენაჟე სისტემებს“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.