ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა, - ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე კვირიკეწმინდის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სინამდვილეში, მოცემული ძეგლი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლების დამსახურებაა. შესაბამისად, აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
საზოგადოებისთვის კი განვმარტავთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე სწავლობს ვითარებას და ახორციელებს მონიტორინგს. ძეგლის შიგნით და მის გარშემო არ შეცვლილა ხანძრამდე არსებული მდგომარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის ცეცხლის კერები; დროდადრო აღინიშნება მხოლოდ დაკვამლიანება.
გვსურს, მოვუწოდოთ მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ბორჯომის ხეობაში სახელმწიფო უწყებები ატარებენ ყველა შესაბამის ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სტიქიით მიყენებული ზიანი და თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ სტრატეგიული ობიექტების დაზიანება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.