„საქართველოში კოვიდინფექციის 30 ათასი აქტიური შემთხვევა ფიქსირდებოდა და ეს უზარმაზარი რაოდენობაა, დღეში - 5000-მდე ახალი ავადმყოფი. ყველა მოსავლელი და დასაბინავებელი იყო. მათგან უნდა აგერჩია, ვის აქვს მძიმე ფორმა, ვის ჰოსპიტალზიაცია სჭირდებოდა, ვის ბინაზე იზოლაცია ან კოვიდ სასტუმროში გადაყვანა.
არ ჰყოფნიდათ სასწრაფოები, არ ჰყოფნიდათ ოჯახის ექიმები, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველო ამ გამოწვევას გაუმკლავდა უკეთესად, ვიდრე ევროპის ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა“, - აცხადებს Europetime - თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი.
გადაიარა თუ არა პიკმა, რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ოჯახის ექიმთან კონტაქტის დროს და რას ურჩევს კოვიდგადატანილებს, ამ და სხვა საკითხებზე Europetime-ს თენგიზ ცერცვაძე ესაუბრა.
_იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდნფიცირების შემთხვევები შედარებით შემცირდა, შესაძლებელია თუ არა იმის თქმა, რომ პანდემიის პიკმა გადაირა?
ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით. შემიძლია ვთქვა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუმჯობესებულია. თუ დეკემბრის დასაწყისში იყო 4-5 ათასი, ახლა არის ათასიდან 2000-მდე შემთხვევა იმ ფონზე, როდესაც ტესტირების რაოდენობა გაიზარდა. მაშინ იყო 10-12 ათასი, ახლა არის 18-20 ათასი ტესტი. მეტი ტესტი კეთდება და ნაკლები შემთხვევები ფიქსირდება. ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. ვითარება დასტაბილურდა. თუ ეს მაჩვენებლი შენარჩუნდა, მერე შეიძლება თქმა, რომ პიკმა გადაიარა.
_იზოლაციის დასრულების შემდეგ, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია, რამდენად საშიშია სხვა ვირუსული ინფექციები და რა რეკომენდაციას მისცემდით გამოჯანმრთელებულ პაციენტებს?
სასურველია, გარკვეული პერიოდი თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გასვლისგან. იგივე სიფრთხილით გააგრძელონ ცხოვრება, როგორც ინფიცირებამდე. ჰიგიენასთან და დისტანციასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები ძველებურად დაიცვან, რადგან ამ დროს ორგანიზმი დასუსტებულია და სასურველი არ არის, რაიმე ტიპის გრიპით დაავადდეთ.
_ხშირად ისმოდა სხვადასხვა პრეტენზია ექიმების მისამართით, მათ შორის ეს ეხებოდა ფილტვებზე კვლევის ჩატარებასაც. როგორ უნდა განისაზღვროს კატეს გადაღების საკითხი?
რა შემთხვევაში უნდა მოითხოვოს ჰოსპიტალიზაცია და მით უმეტეს კატეს გადაღება, პაციენტისთვის ძალიან ძნელი გასარჩევია. ეს მთლიანად ექიმმა უნდა გადაწყვიტოს და თუ ექიმი სწორად არ გადაწყვეტს, პასუხს აგებს ამაზე. პაციენტს შეუძლია ერთი რამ - თუ მან ეჭვი შეიტანა, რომ ექიმი გაუმართლებლად ეუბნება უარს ჰოსპიტალიზაციაზე, ან კატეს გადაღებაზე, ან სხვა სახის მომსახურებაზე, უნდა აცნობოს ჯანდაცვის მონიტორინგის სამსახურს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევების მონიტორინგისთვის შეიქმნა. თუმცა იყო ცალკეულ შემთხვევები, პიკის პერიოდში, როცა ვერ ხერხდებოდა დროულად გადაღება დროული ჰოსპიტალიზაცია, დროული კონტაქტი, გამოძახებული სასწრაფო აგვიანებდა. იყო ოჯახის ექიმთან კომუნიკაციის დაგვიანებაც, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ შედარებით. ეს ყველამ უნდა იცოდეს.
საქართველოში მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით, ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი რიცხვი ფიქსირდებოდა - ყველაზე მეტი აქტიური ინფექცია დღეში. იყო დღეები, როდესაც კოვიდინფექციის 30 ათასი აქტიური შემთხვევა ჰქონდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ეს უზარმაზარი რაოდენობაა, დღეში 5000-მდე ახალი ავადმყოფი. ყველა იყო მოსავლელი, დასაბინავებელი.
მათგან უნდა აგერჩია, ვის აქვს მძიმე ფორმა, ვის ჰოსპიტალზიაცია სჭირდებოდა, ვის ბინაზე იზოლაცია ან კოვიდ სასტუმროში გადაყვანა. არ ჰყოფნიდათ სასწრაფოები და ოჯახის ექიმები, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და ვისაც უნდა პოლემიკაში ჩამერთოს, დავუმტკიცებ, რომ საქართველო ამას გაუმკლავდა, უკეთესად ვიდრე ევროპის ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა, ან ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. იქ რომ არის რიგები და იქ რომ არის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმა, იგივე კატეზე ზოგჯერ ამერიკაში და ევროპაშიც - 2, 3 კვირის მერე წერდნენ. ზოგჯერ - საერთოდ ექიმთთან კონტაქტსაც ვერ ახერხებდნენ განვითარებულ სახელმწიფოებში.
იმის თქმა მსურს, რომ ის ყველა შეფერხება, ხარვეზები, სერიოზული ხარვეზები, რაც ჩვენთან იყო, გამოწვეული იყო ინფიცირებულთა ძალიან მაღალი რაოდენობით, იმ კონკრეტულ პერიოდში, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. იგივე ხარვეზები გაცილებით მეტი მასშტაბებით იყო უცხოეთში. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ჰოსპიტალიზაციაზე არავის უარი არ უთქვამს, რაიმე პრიორიტეტული ნიშნით. შეიძლება დაგვიანებით, ერთი დღის, 2-3 დღის დაგვიანებით, მაგრამ ბოლოს ყველა მძიმე პაციენტი მაინც ჰოსპიტალიზებული იყო.
ოფიციალურად ცნობილია, რომ საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ, საკუთარ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში გარდაიცვალა სულ 33 პაციენტი. ჰოსპიტალიზაციის დაგვიანება რომ მასიური ყოფილიყო და ვთქვათ ავადმყოფებისთვის საკამრისი დახმარება ვერ გაეწიათ, როცა დღეში 30 ათასი პაციენტი იყო მოსავლელი, როგორ გგონიათ მთელი ერთი წლის განმავლობაში სულ 33 პაციენტი იქნებოდა?!
ბრიტანეთში 7 ათასამდე პაციენტია გარდაცვლილი ჰოსპიტალს გარეთ. ბინებსა და თავშესაფრებში. შეადარეთ ახლა ბრიტანეთი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო, ყველაზე წელში გამართული ქვეყანა და 7000 კაცი გარდაეცვალა ჰოსპიტალს გარეთ. იმიტომ, რომ არ ჰყოფნიდათ საწოლები. ჩვენთან ეს არის სულ 33 ადამიანი. მართალია, ბრიტანეთში ჩვენზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ პროცენტულად რომ გადაინგარიშო, მაინც ძალიან დიდი განსხვავებაა.
_თუ პაციენტს ოჯახის ექიმის გულისხმიერების და კვალიფიკაციის მიმართ უნდობლობა გაუჩნდა, რა შემთხვევაში და რა ფორმით უნდა მოითხოვოს ჰოსპიტალიზაცია,? რადგან იყო უნდობლობის გარკვეული შემთხვევები. თუნდაც ის, რომ რამდენიმე პაციენტის კლინიკაში გადაყვანა უკვე დამძიმებულ მდგომარეობაში მოხდა, ექიმებმა მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დამძიმებამდე კი არ მოხდა ოჯახის ექიმის მხრიდან სიმპტომებზე დროული და სათანადო რეაგირება.
საქართველოში 64 ონლაინ კლინიკაა, მაგრამ სამინისტროში ფუნქციონირებს ერთი ცენტრალური ონლაინ კლინიკა, რომელიც ასეთ შემთხვვეებს ინიშნავს, იკვლევს და ექსპერტულ დონეზე ამოწმებს. მაშინ შესაძლოა, გადატვირთვის გამო სატელეფონო კომუნიკაციები ძნელდებოდა. ახლა არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. არავითარი დაბრკოლება ექიმებს არ აქვთ. ამიტომ უნდა მიმართონ მონიტორინგის სამსახურს, როგორც სასამართლოშია. თუ არ გაკმაყოფილებს გადაწყვეტიელბა და ეჭვი შეგეპარა, ასაჩივრებ ზემდგომ ინსტანციაში. ასეა ამ პროცესშიც. თუ სასწრაფოს ექიმი, ან ოჯახის ექიმი რაღაცას არასათანადოდ აკეთებს, პაციენტმა უნდა მიმართოს სამინისტროს ონლაინ კლინიკას, მონიტორინგის სამსახურს.
_ეპიდემიოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ემოციური მდგომარეობა კოვიდის გადატანის დროს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მიმართ ნდობის ფაქტორი. რა რეკომენდაციას მისცემთ ექიმებს, პაციენტებთან ურთიერთობისას, ნდობის ფაქტორის გასაჩენად?
ერთადერთი - მივცემდი უნივერსალურ რეკომენდაციას. მუდმივად უნდა ახსოვდეთ, თუ რას ნიშნავს ექიმი. რა პასუხისმგებლობა აიღო პაციენტის ჯანმრთელობაზე. შესაძლოა ოჯახის ექიმების გამოცდილების ნაკლებობაც იყოს საქართველოში. ერთბაშად დაატყდა საქართველოს პაციენტთან დიდი ნაკადი, გაზრდილი რაოდენობა და ყველა ექიმი შეიძლება ამას თუნდაც მორალურად მომზადებული ვერ შეხვდა. მხედველობაში მაქვს ოჯახის ექიმები. კლინიკის ექიმები მანამდეც ძალიან კარგად უმკლავდებოდნენ. კარგად იყვნენ მომზადებულნი, მუდმივად უტარდებოდათ აკადემიური ტრენინგები.
ოჯახის ექიმებმა ძალიან სერიოზული სკოლა გაიარეს ამ 2-3 თვეში. ჩემი პაციენტებისგან რაც ვიცი, ოჯახის ექიმების მიმართ, პრეტენზიების რაოდენობა შემცირდა. არასწორი გადაწყვეტილების რაოდენობებიც შემცირდა. ომშიც დაახლოებით ასეა, გამოუცდელებს როცა უშვებენ ბრძოლაში, იქ დანაკარგიც დიდია და წარუმატებელი საბრძოლო მოქმედებებიც.
შემდეგ ომში გამოწრთობილ ბატალიონი ომის გარეშე გაწვრთნილ ბევრ ბატალიონს სჯობია. ჩვენთაც ასე მოხდა. რაც არ უნდა ტრენინგები ჩატარებულიყო; რაც არ უნდა სიტყვიერი რეკომენდაცია მიგეცა, ვიდრე მათ, ასე ვთქვათ „თოფის წამლის სუნი არ იგრძნეს“; უშუალოდ არ მოუწიათ ბრძოლაში ჩაბმა, ბევრ ოჯახის ექიმს აკლდა გამოცდილება. .
_ბოლო ორ თვეში გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით, ოჯახის ექიმების ახლიდან გადამზადების საჭიროება ხომ არ დადგა?
გეგმა არის ჯანდაცვის სამინისტროში. გეგმიური გადამზადებები იქნება . ეხლა ეს ყველაფრი მოხდება მშვიდ გარემოში, როცა უკვე სერიოზული პოტენციალია შექმნილი. კიდევ ერთი რამეა გასათვალისწინებელი. უცხოეთში ოჯახის ექიმია ძირითადი საყრდენი.
ძირითადი ერთეული, ვისთანაც ავადმყოფს შეხება აქვს, არის ოჯახის ექიმი. მხოლოდ იშვიათ, აუცილებლობის შემთხვევაში ხდება კლინიკებში გადამისამართება. საქართველოში, როგორც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ყველა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, ოჯახის ექიმის რგოლი იყო სუსტი. ამ პირობებში კი მიმაჩნია, რომ მოსალოდნელზე უკეთ გაართვეს ყველაფერს თავი. უნდა გავუწიოთ ანგარიში იმას, რა რა საწყისი მოცემულობა გქვონდა.
ახლა, იგივე, ეკონომიკა რომ აიღო, საწყისი მოცემულობა, საქართველო არის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების მქონე ქვეყანა და უცბად რომ მოსთხოვო ევროკავშირის ქვეყნების დონეზე შეუქმნა ყველა მოქალაქეს ცხოვრების პირობები, ხომ ვერ შეუქმნის?! ახლა ექიმებისგან რომ ითხოვენ ამას, ექიმებიც იმ საზოგადოების და იმ ქვეყნის წარმომადგენლები არიან, სადაც ცხოვრობენ. არ იყოს ეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი ძლიერი, მაგრამ ძალიან მოკლე დროში მოხდა მათი მობილიზაცია და საკმაოდ ბრძოლისუნარიან რაზმად ჩამოყალიბება.
პირადად ჩემს მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც საქართველოში ჯანდაცვის სექტორმა შეძლო კოვიდთან მიმართებით. კლინიკურზე არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ვიცოდი. პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან მე ამდენს არ ველოდი.
ძალიან მოკლე დროში მოახდინეს მობილიზაცია არა უნაკლოდ, სერიოზული ხარვეზებით, მაგრამ მაინც გაართვეს თავი. ამისი ყველაფრის ჯამური შედეგი არის ციფრები, სტატისტიკა. უმეტესობას ეს ახარებს და მოსწონს, ზოგს ეს არ მოსწონს, ვისაც უნდა რომ ყველაფერი ცუდად იყოს და მაგრამ ოფიციალური ციფრები დევს რომ მიუხედავად ამ პიკისა და ერთდროულად ბევრი ინფიცირებისა, საქართველოში ინფიცირებულთა გარდაცვალების პროცენტი არის 1.15 პროცენტი, რაც ევროპაში და ამერიკის ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპაში 54 ქვეყნიდან სულ ექვს ქვეყანას ჩვენზე უკეთესი მაჩვენებელ, ლეტალობის სტატისტიკით.
ყველა განვითარებულ ქვეყანას, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ბელგია, შვეიცარია ავსტრია, თუნდაც ჩვენს სამეზობლოში, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი. კოვიდპაციენტთა გარდაცვალების ჩვენზე მაღალი სტატისტიკა აქვს.
მეორე, რაც ზემოთ აღვნიშნე, ბინაზე გარდაცვალების ძალიან დაბალი სტატისტიკა. რაც არ უნდა შიგნით ხდებოდეს, რაც არ უნდა ხარვეზები ყოფილიყო, ეს მაინც იქნება ერთეული და ჯამურად საქართველო სხვებზე უკეთ გაუმკლავდა ამ სერიოზულ გამოცდას.
სამი დღის წინ, ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა კალიფორნიაზე. ლოს-ანჯელესში, ამერიკის უმდიდრეს ქალაქში, ექიმებმა ინსტრუქცია მიიღეს, რომ უიმედო პაციენტები სტაციონარში არ დააწვინონ. ასევე აქვთ მითითება, ჟანგბადი ლიმიტერებულად დახარჯონ ავადმყოფებზე, პრიორიტეტები დაალაგონ. ხომ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა გაუჭირდეს ქვეყანის ჯანდაცვის სისტემას, რომ ასეთი რამ დაავალო ექიმებს. როცა პრიორიტეტების არჩევა გიხდება, ესე იგი ძალიან უჭირს იმ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.
სერიოზული რაღაც მოხდა შვედეთში, როცა ოფიციალური ინსტრუქცია მისცეს ექიმებს 65 წელს ზემოთ პაციენტები საავდმყოფოში არ წაეყვანათ იმიტომ, რომ მათთვის ადგილი არ იყო. ასეთი ბევრი ფაქტი კატასტროფაა ნებისმეირი ქვეყნისთვის. ეს რომ საქართველოში მომხდარიყო და 65 წელს ზემოთ მყოფი პაციენტების მიღებაზე საავდმყოფოებს უარი განეცხადებინათ, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, რა ამბავი ატყდებოდა სრულიად სამართლიანად?!
ამავე ინტერვიუდან ნაწილი შემდეგ ბმულებზე ნახეთ:
რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ.
საქართველოში სპეციალური პროტოკოლით გამოიკვლევენ იმ 500 პაციენტს, რომლებმაც კოვიდინფექცია რთულად გადაიტანეს.
კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების სტატისტიკით საქართველო ევროპაში მე-7 ადგილზეა