საქართველოში სპეციალური პროტოკოლით გამოიკვლევენ იმ 500 პაციენტს, რომლებმაც კოვიდინფექცია რთულად გადაიტანეს

საქართველოში იმ 500 პაციენტს გამოიკვლევენ, რომლებსაც კოვიდინფექცია გაუხანგრძლივდათ, ან Covid19-მა სიმპტომები დაუტოვა.

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის გადატანის შემდგომ დარჩენილ, ან განვითარებულ სიმპტომებზე, Europetime-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ინფექციონისტის განმარტებით, ამ კვლევის შედეგად შეძლებენ ზუსტი რეკომენდაციებს გამოქვეყნებას, თუ რა სიმპტომებია მოსალოდნელი პოსკოვიდურებში, როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტები და რა სახის მკურნალობა უნდა დანიშნონ ექიმებმა.

„კვლევის ჩატარების შესახებ პირველად ვამბობ თქვენთან ინტერვიუში. ჩვენი ცენტრი, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი, პირველივე დღიდან წამყავნი დაწესებულებაა კოვიდთან ბრძოლაში და ამ მიმართულებით მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ამიტომ სპეციალური კვლევის ჩატარებას ვგეგმავთ. რიგი მიზეზების გამო, მხოლოდ ახლა შეგვიძლია მსგავსი კვლევის ჩატარება.

რაში გამოიხატება ეს კვლევა. ჯერ ბოლომდე არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ჩვენ გამოვიკვლევთ დაახლოებით ხუთას პაციენტს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და იყვნენ ჰოსპიტალიზებულები. იმიტომ, რომ პირველ რიგში ეს ჯგუფია შესასწავლი, რადგან ეს დაავადება, მათ უფრო რთულად ჰქონდათ ვირუსი და პოსტკოვიდური სინდრომის განვითარება მათში მეტად არის მოსალოდნელი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის მსუბუქი ფორმებით გადატანის შედეგად უსიმპტომოებსაც დროდადრო რჩებათ შემდგომი სიმპტომები.

500 პაციენტი სპეციალური პროტოკოლით იქნება შესწავლილი. ჯერ დადგინდება, ამ ხუთასიდან რამდენს განუვითარდა ე.წ გახანგრძლივებული კოვიდი ან პოსტკოვიდური სინდრომი და რა ჩივილები დარჩათ მათ. ზუსტად დავთვლით, რა ჩივილი დარჩათ", - განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ Europetime-ს.

მისივე თქმით, კვლევისთვის შერჩეულ პაციენტებს, სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ მთელი რიგი გამოკვლევა. სისიხლის ანალიზი შემდედებელი სისტემის ანალიზი, კუაგულოგრამა, D დიმერი, ელექტრო კარდიოგრაფია, ეხოკარდიოგრაფია , კომპიუტერული ტომოგრაფია და თუ საჭირო გახდა, თავის ტვინის რადიოლოგიური გამოკვლევა.

„ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა. კოვიდის მთავარი სამიზნე მაინც ფილტვებია, რათა დადგინდეს ფილტვების დაზიანება დარჩა თუ არა. ასევე - თუ დარჩა, რა სახის პრობლემას უქმნის ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას. ჩვენ ამ გამოკვლევას ჩავატარებთ და დავდებთ ზუსტ რეკომენდაციებს, თუ რა არის მოსალოდნელი პოსკოვიდურებში და როგორ უნდა მოიქცნენ ეს პაციენტები. ამის შემდეგ უკვე მკაფიოდ ეცოდინებათ ექიმსაც და პაციენტსაც რა შემთხვევაში, როგორ მოიქცნენ”, - აღნიშნავს ინფექციონისტი.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ტერმინები გახანგრძლივებული კოვიდი, ან პოსტკოვიდური სინდრომი., ჯერ ოფიციალურად არ არის დამკვიდრებული, როგორც სამეცნიერო ტერმინოლოგია.

„გახანგრძლივებულ კოვიდზე ვლაპარაკობთ მაშინ, როდესაც კოვიდის დამთავრების შემდეგ მაშინვე უგრძელდება პაციენტს სიმპტომები და ზოგჯერ კარგა ხანს უხანგრძლივდება. ხოლო, თუ კოვიდის გადატანის შემდეგ იყო გარკვეული ნათელი პერიოდი, არაფერი აწუხებდა და სამი კვირის შემდეგ განუვითარდა სიმპტომები, მაშინ ვარქმევთ პოსტკოვიდურ სინდრომს. ეს სახელწოდებები ვიმეორებ ჯერ ოფიციალურად მინიჭებული არ არის. ძალიან ხშირად კოვიდგადატანილი პაციენტები აღნიშნავენ ამა თუ იმ სიმპტომებს, ნიშნებს და ზოგჯერ ნაკლებად სერიოზულს, ზოგჯერ სერიოზულს. ეს არ ეხებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებმაც სახლში გადაიტანეს ეს ინფექცია. შემდეგ რაღაც ნიშნები აწუხებთ. ეს თანაბრად ეხებათ მათ, ვინც სახლში გადაიტანა და ასევე მათ, ვინც ჰოსპიტალში მკურნალობდა. ყველა პაციენტს, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება განუვითარდეს გარკვეული ჩივილები და სიმპტომატიკა”, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ Europetime-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

(ინტერვიუს სრული ვერსია Europetime.eu-ზე მოგვიანებით გამოქვეყნდება)

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ

საქართველოში AstraZeneca-ს და ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება, მწარმოებელ ქვეყნებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს