თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციით,კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ, თუ გამოჯანმრთელებული პაციენტი სისუსტეს ერთი თვის შემდეგ ისევ გრძნობს და ეს ხელს უშლის საქმიანობაში, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ Europetime.eu-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ძალიან ხშირად კოვიდგადატანილი პაციენტები აღნიშნავენ ამა თუ იმ სიმპტომებს, ნიშნებს. ზოგჯერ ნაკლებად სერიოზულს, ზოგჯერ სერიოზულს. ყველა პაციენტს, ვინც გადაიტანა კოვიდი, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება განუვითარდეს გარკვეული ჩივილები და სიმპტომატიკა. ამ მდგომარეობას ტერმინოლოგია ჯერ ზუსტად არ აქვს შერჩეული. ამბობენ გახანგრძლივებული კოვიდი, ან პოსტკოვიდური სინდრომი. ჯერ არ არის ოფიციალურად დამკვიდრებული ტერმინოლოგია. გახანგრძლივებულ კოვიდზე ვლაპარაკობთ, მაშინ როდესაც კოვიდის დამთავრების შემდეგ მაშინვე უგრძელდება პაციენტს სიმპტომები და ზოგჯერ კარგა ხანს გრძელდება. ხოლო, თუ კოვიდის გადატანის შემდეგ იყო გარკვეული ნათელი პერიოდი და არაფერი აწუხებდა და სამი კვირის შემდეგ განუვითარდა სიმპტომები, მაშინ ვარქმევთ პოსტკოვიდურ სინდრომზე.
ეს ჩივილები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, მაგალითად:
1. რაც კოვიდს ახასიათებს იმ სიმპტომების გაგრძელება, საერთო სისუსტე, ყველაზე ხშირად კუნთების ტკივილი, ბეჭების მიდამოში, მხრების მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილში. ეს შეიძლება იყოს ტემპერატურის მცირე მატება, ვთქვათ 37 გრადუსი. მცირე სუსტად გამოხატული სუნთქვის გაძნელებაც კი შეიძლება იყოს. როცა პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ მას ჰაერი არ ჰყოფნის.
2. შეიძლება ეს იყოს ნევროლოგიური სიმპტომები, რაც საკმაოდ ხშირია. დათვლილია - ყოველ მეხუთე კოვიდგადატანილს შეიძლება ეს სიმპტომები განვითარდეს. ეს არის დეპრესიული მდგომარეობა, შფოთვის მდგომარეობა აღგზნებადობა, უძილობა, შეიძლება იყოს თავის ტკივილი.
3. შეიძლება იყოს ჩივილები გულის მხრივ, გულის რიტმის დარღვევა ან რომელიმე სხვა გამოვლინება. ძალიან მრავალფეროვანია ამ პოსტკოვიდური და გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომები.
ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია პაციენტის ჯანმრთელობისთვის ეს სიმპტომები, რომლებიც კოვიდის შემდგომ პერიოდში აქვს - თუ ეს არის ფუნქციური, მხოლოდ ჩივილები აქვს და მას არ ახლავს თან ორგანოების დაზიანება, საფრთხის შემცველი ნაკლებად არის და დროთა განმავლობაში გაივლის. ზოგჯერ ძალიან მალე.
თუ ამას საფუძვლად უდევს რომელიმე ორგანოს დაზიანება, მაგალითად ყველაზე ხშირად ლაპარაკია ფილტვების დაზიანებაზე ერთი თვის, სამი, სამი თვის შემდეგ შესაძლოა ფილტვებში რადიოლოგიური გამოკვლევით ნანახი იყოს ფიბროზის სურათი.
შესაძლებელია ეს იყოს გულის დაზიანება გამტარ სისტემაში, შესაძლოა ეს იყოს თავის ტვინის დაზიანება და სხვა.
თუ პაციენტს გახანგრძლივებული კოვიდის ან პოსტკოვიდის სიმპტომები გაუხანგრძლივდა, და ეს არ იწვევს მისი შრომისუნარიანობის დარღვევას, მაშინ პაციენტს არანაირი მკურნალობა არ სჭირდება, ეს სიმპტომები უმეტეს შემთხვევაში გაივლის.
თუ ეს სიმპტომები მკაფიოდ არის გამოხატული და რაც მთავარია აწუხებს პაციენტს. აუარესებს მის ცხოვრების ხარისხს, მოქმედებს მის შრომის უნარზე ამას აღარ შეუძლია ძველებურად შეასრულოს რაღაც საპასუხისმგებლო სამსახურებრივი საქმე, ან იგივე ოჯახში ვერ საქმიანობს ისე ყოჩაღად, როგორც მანამდე , ასეთ შემთხვევაში სასურველია საკონსულტაციოდ მიმართოს იმ ექიმს, ვისთანაც მკურნალობდა.
ასეთ შემთხვევაში, თუ ჰოსპიტალიზებული იყო, კლინიკის ექიმს უნდა მიმართოს ვისთანაც მკურნალობდა. თუ ბინაზე იყო იზოლაციაში, ან კოვიდ სასტუმროში , მაშინ ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს და ექიმი გადაწყვეტს, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ეს პოსტკოვიდური სიმპტომები. სჭირდება მას რაიმე სპეციალური გამოკვლევა თუ არა.
მაგალითად: ტომოგრაფიული გადაღება, გულის ულტრაბგერთი გამოკვლევა, ან კარდიოგრამის გაკეთება, ან სისიხლის შემდედებელი კვლევა, ან რომელიმე ნევროლოგიური კვლევა. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ეს იყოს თავის ტვინის ნერვოლოგიური გამკვლევა. ექიმი გადაწყვეტს, ამ კონკრეტულ პაციენტს სჭირდება, თუ არა რაიმე გამოკვლევა”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე Europetime-თან ინტერვიუში.
(ინტერვიუს სრული ვერსია Europetime.eu-ზე მოგვიანებით გამოქვეყნდება)