გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაათვალიერებენ. მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირას ეწვევა.
ბირთვული ენერგიის ექსპერტის, ედვინ ლაიმანის განცხადებით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები შეამოწმებენ ყველა საგანგებო სისტემის მდგომარეობას, ასევე შეაფასებენ დიზელის საწვავის მარაგს და მის შესავსებად საჭორო ზომებს.
ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ექსპერტები პოლონეთიდან ლიეტუვადან, ჩინეთიდან და სერბეთიდან. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
ასევე ექსპერტები არიან ალბანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, იორდანიიდან, მექსიკიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. საგულისხმოა, რომ ეს ქვეყნები კრემლთან ურთიერთობას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც ინარჩუნებენ.
ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არ ჩაერთნენ ექსპერტები აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, რადგან რუსეთი ორივე ქვეყანას „უსამართლოდ მიკერძოებულობაში" სდებს ბრალს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.