რუსი სამხედროების იარაღით აღჭურვისთვის საჭირო მარშრუტების გასანადგურებლად უკრაინა HIMARS-ებს წარმატებით იყენებს - ბრიტანელი ექსპერტი

უკრაინულმა მედიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამხრეთით შეტევის დაწყების შესახებ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია. თავის მხრივ, CNN იუწყებოდა, რომ  უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი.

გვიან ღამით, ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიებს უბრუნებს და დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ.

ფაქტების შეფასებისას, BBC-სთან ბრიტანელი ექსპერტი ამბობს, რომ  უკრაინა განაგრძობს დარტყმებს და გამოიყენებს HIMARS-ებს, რადგან ეს შეიარაღება უკრაინამ რუსეთის ჯარის მომარაგებისთვის საჭირო მარშრუტების გასანადგურებლად წარმატებით უკვე გამოიყენა. 

როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის კვლევის ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტი ჯასტინ ბრონკი აღნიშნავს, უკრაინა ხერსონის შემოგარენში შეტევისთვის ემზადება.

„რა თქმა უნდა, ამ თვენახევარში რუსეთმა შეძლო დონბასიდან ხერსონის მიმართულებით დიდი ძალების გადმოსროლა. თუმცა უცნობია, როგორია ამ სამხედროების მორალური მდგომარეობა“, - ამბობს ბრონკი. 

მისი პროგნოზით, უკრაინა განაგრძობს დარტყმებს და გამოიყენებს HIMARS-ებს, რადგან ეს შეიარაღება უკრაინამ რუსეთის ჯარის მომარაგებისთვის საჭირო მარშრუტების გასანადგურებლად წარმატებით გამოიყენა. 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ „გადაღლის სტრატეგიას“ იყენებს, „ახდენს ზეწოლას ფართო ფრონტზე და ცდილობს გატეხოს რუსეთის ჯარის სულისკვეთება“.