მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილ დარია დუგინას შესახებ, რომის პაპის განცახდებაზე კრიტიკის საპასუხოდ, ვატიკანმა განმარტება გააკეთა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.
კათოლიკური ეკლესიის განცხადებაში, ნაწილობრივ, ნათქვამია: „რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, წმინდა მამა ფრანცისკეს განცხადებები არის მკაფიო და ცალსახად გმობს ომს როგორც მორალურად უსამართლო, მიუღებელსა და ბარბაროსულს“.
„თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ფრანცისკე რისკავს თავისი რეპუტაციით, როდესაც ვლადიმერ პუტინს პირადად არ აკრიტიკებს. ეს არის ვატიკანის მიერ არჩეული პოლიტიკა, რომ არ იყოს მხარე კონფლიქტში, რათა შეინარჩუნოს ეკლესიის კონსტრუქციულობა, შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, წერს The New York Times.
ამიტომ დღევანდელი განცხადების მიზანია, რომ ვატიკანმა განმარტოს რომის პაპის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით.
მას შემდეგ, რაც რომის პაპმა თავის ქადაგებაში დარია დუგინას გარდაცვალებაზე ისაუბრა, (რაშიც რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს); უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ვატიკანის ელჩი, რათა გამოეხატა იმედგაცრუება ფრანცისკეს სიტყვებთან დაკავშირებით.
24 აგვისტოს მომლოცველებთან მიმართვაში, როდესაც უკრაინა აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ, ფრანცისკემ სხვა საკითხებთან ერთად განაცახდა: „მე ვფიქრობ იმ საწყალ გოგოზე, რომელიც მოსკოვში, მანქანაში ბომბის გამო დაიღუპა. ომის ფასს იხდიან უდანაშულო უდანაშაულოები“.
თავის განცხადებაში ვატიკანი განმარტავს, რომ ფრანცისკეს ეს განცხადება ასე უნდა იყოს გაგებული: „ეს არის ხმა, რომელიც ამაღლებულია ადამიანის სიცოცხლისა და მასთან დაკავშირებული ფასეულობების დასაცავად და არა როგორც პოლიტიკური პოზიცია“.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა.
FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს.
დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.