ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია

BBC მოსკოვის მახლობლად მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დაიღუპა, ვრცელ სტატიას უძღვნის.

როგორც ბრიტანული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე დუგინი თავად არ არის სახელმწიფო მოხელე, ის მაინც სიმბოლური ფიგურაა რუსეთის პოლიტიკაში. მისი ანტიდასავლური, ულტრანაციონალისტური ფილოსოფია რუსეთში დომინანტურ პოლიტიკურ იდეოლოგიად იქცა, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით, უკრაინასთან დაკავშირებით.

Alexander Dugin

„ახლა ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან. თვითგამოცხადებული პრორუსული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელმა“ დენის პუშლინმა უკვე დაადანაშაულა უკრაინა და Telegram-ზე დაწერა:

„უკრაინის რეჟიმის ტერორისტები, ცდილობენ, ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას. ააფეთქეს მისი ქალიშვილი“...

ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვართან, რუსეთის რეგიონებში აფეთქებებისა და თავდასხმების სერიის შემდეგ, მსგავსი ინციდენტები მოსკოვის ოფიციალურ პირებს აშფოთებთ. 

კრემლის პროპაგანდა მუდმივად ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ მოიტანა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოება და სტაბილურობა რუსეთში მღელვარე 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც მანქანების აფეთქებები და მკვლელობები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს აფეთქება ძირს უთხრის ამ ნარატივს.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, ალექსანდრ დუგინი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ ითვლება და მას „რასპუტინსაც" უწოდებდნენ.

თავად დარია დუგინა იყო ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას ხმამაღლა უჭერდა მხარს.

ამ წლის დასაწყისში მას სანქციები დაუწესეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებმაც რუსეთის შემოჭრის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. მაისში მან ინტერვიუში აღწერა ომი, როგორც „ცივილიზაციათა შეჯახება“ და ამაყობდა იმით, რომ ის და მამამისი დასავლეთის სანქციების სამიზნეები იყვნენ.

Russian investigators at the scene of the vehicle explosion.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში სავარაუდო მონაწილეობის გამო,ალექსანდრ დუგინს აშშ-მ სანქცია 2015 წელს დაუწესა. ამბობენ, რომ მისმა ნარატივმა ღრმა გავლენა მოახდინა პუტინზე და დუგინი განიხილება, როგორც ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის მთავარ არქიტექტორად. წლების განმავლობაში, დუგინი მოუწოდებდა მოსკოვს, თავი უფრო აგრესიულად დაემკვიდრებინა გლობალურ სცენაზე და მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინაში“, - წერს BBC.


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო.

ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.