ახლა ამ პერიოდს ჰქვია ალოობა, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ალბათ მოხდება ფასების სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა. შესაძლებელია, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს ფასის ცვლილება კლებისკენ, - ამის შესახებ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
ამასთან, დოლიძე იმედოვნებს, რომ ადგილობრივი წიქსვილებიც ამუშავდება.
„ახლა ამ პერიოდს ჰქვია ალოობა, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ამ პერიოდში ალბათ მოხდება ფასების სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა. შარშანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ხორბალთან დაკავშირებით მსოფლიო ბირჟებზე 500 დოლარი და კიდევ მცოცავი საბაჟო გადასახადი იყო და ძალიან დიდი ფასები არსებობდა, წელს დაახლოებით 340 დოლარია.
გვაქვს იმედი, რომ ამუშავდება ადგილობრივი წიქსვილებიც. პატარები უკვე ამუშავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფქვილის კონკურენციაც იქნება. კონკურენციამ ფასების დაბლა წამოსვლა იცის. მოდით, სიმართლეს შევხედოთ, რაოდენობას ყოველთვის განსაზღვრავს ფასი, რადგან როდესაც ფასი შედარებით დაბალია, მაშინ უფრო მეტი იყიდება. რა თქმა უნდა, მეწარმე ყოველთვის დაინტერესებულია, რომ მას მეტი პროდუქცია გაეყიდოს. აქედან გამომდინარე, საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს ფასის ცვლილება კლებისკენ“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.