"ორი კვირის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევსა და სოფელ აწყურს შორის მდებარე ფერდზე ხანძარი ლიკვიდირებულია", - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ლიკანთან არსებული კერა სრულად ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება.
"ფაქტობრივად, აქტიური კერა აღარ გვაქვს და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის მხრჩოლავი კერების დამუშავებით და ღია ცეცხლი არსად აღარ გვაქვს. თუ ამინდმა და კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეგვიშალა, დღის ბოლოს სავარაუდოდ ამ ლოკაციაზეც გამოვაცხადებთ ლიკვიდირებას. რთულს ვერ ვიტყოდი, ალბათ იყო ურთულესი. ხედავთ, რა რთული რელიეფია, ფიზიკურად მისვლა ძალიან ჭირდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფმა, ოპერატიულმა მოქმედებამ, ასევე მუნიციპალიტეტის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან ტრაქტორებისა და მძიმე ტექნიკის მობილიზებამ მოგვცა საშუალება, გზები გაგვეყვანა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და შედეგი სახეზეა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.